პროექტები

სტარტაპი "ასტკბი"

  • მასწავლებლები ელენე კაკაბაძე
  • კლასი V
  • სფეროები სხვა დღე
  • შესავალი
  • როგორ დაიწყო სტარტაპი "ასტკბი?"
  • "ასტკბის" განვითარება, ფინანსური ისტორია და სამომავლო გეგმა
  • "რა არის შენთვის "ასტკბი?" - მოსწავლეების რეფლექსიები

სტარტაპი "ასტკბი" 2021 წლის აპრილში ათასწლეულის სკოლის მე-4 კლასელებმა წამოიწყეს. ერთი წლის განმავლობაში ბიზნესმა 200-მდე ერთგული მომხმარებელი შეიძინა, რამაც ახლა უკვე მე-6 კლასში გადასული იდეის ავტორები და განმახორციელებლები სამომავლო გეგმაზე დააფიქრა. 

თუმცა მანამდე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, "ასტკბის" ისტორიასა და განვლილ პერიოდზე მოგვიყვნენ.

სრულყოფილ ინფორმაციას შეგიძლიათ, შემდეგ ველებში გაეცნოთ. 

ასტკბის სტარტაპს საფუძველი 2021 წლის აპრილში, "სხვა დღეზე" ჩაეყარა. ეს “სხვა დღე” უკავშირდებოდა თემას - “სტარტაპი”. მსჯელობისას გამოვყავით რა შემთხვევაში იქნებოდა ჩვენი ბიზნესი წარმატებული. ვიფიქრეთ, რომ პროდუქტი ერთდროულად უნდა ყოფილიყო გემრიელი, განსხვავებული, აზროვნების განმავითრებელი და ასაწყობი. ფიქრისას გაგვახსენდა, რომ ერთ-ერთი "სხვა დღის" ფარგლებში მომზადებული გვქონდა ასაწყობი ოლაფები. ოლაფები ჩვენი და სხვა მეხუთკლასელების ორგანიზებულ წვეულებაზე ჩვენმა გუნდმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა. მივხვდით, რომ ყველა სტუმარს ძალიან მოეწონა ეს იდეა, ამიტომა ამჯერადაც მსგავს გზას გავყევით.

საწყის ეტაპზე ვფიქრობდით, რომელი პერსონაჟი დააკმაყოფილებდა ჩვენს კრიტერიუმებს უფრო მეტად. გვჭირდებოდა, რომ ყოფილიყო ძალიან ცნობილი და თან მარტივად ასაწყობი. საბოლოოდ სამი პერსონაჟი ავირჩიეთ  - მინიონი, პატრიკი და სპანჯბობი. სანამ უშუალოდ გადასაყიდად მოვამზადებდით, შევქმენით სამივე პროდუქტის საცდელი ვერსია ბისკვიტით. მივხვდით, რომ კარგი არ გამოვიდა, ზედმეტად ტკბილი და მსუყე იყო. შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ორცხობილის ვერსია, რომელმაც გაამართლა. სკოლის კაფეტერია დაგვეხმარა ბისკვიტის ვერსიების მომზადებაში. რადგან არ მოგვეწონა, ვიფიქრეთ, რომ კიდევ ერთხელ გვჭირდებოდა საცდელი ვერსიის გაკეთება. ამჯერად მოსწავლეების უმრავლესობამ სახლში გამოაცხო ახალი ორცხობილა. გავსინჯეთ და ყველაზე გემრიელი ორცხობილის რეცეპტი ჩვენი მომავალი ბიზნესის წარმატების გასაღებად იქცა.

თავიდან ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით, მაგრამ როცა მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, მივხვდით, რომ დრო აღარ გვყოფნიდა. გადავწყვიტეთ, აგვეყვანა თანამშრომელი, რომელიც დაგვეხმარებოდა ორცხობილების გამოცხობაში. თავიდან სკოლის სამზარეულოს თანამშრომელს შევუთანხმდით, ახლა კი ორცხობილები სკოლაში უკვე გამზადებული მოაქვს ჩვენს ახალ თანამშრომელს. რაც შეგვეხება ჩვენ, როლებს ისე ვინაწილებთ, როგორც საქმეს სჭირდება - ძირითად საქმიანობებში შედის მარციპანის დაჭრა-დამუშავება, შოკოლადების და სხვა ნაწილების დახარისხება-ჩალაგება და შეფუთვის დასტეპლერება.

ჩვენი პირველი პროდუქტი კლასიკური პატრიკია. კლასიკური პატრიკის შეფუთვაში მოთავსებულია პატრიკის ფორმის ორცხობილა, მწვანე მარციპანი შორტების გამოსაძერწად, თეთრი, მრგვალი შოკოლადები თვალის სკლერისთვის და შავი პატარა შოკოლადები თვალის გუგების, პირისა და წარბებისთვის.

იმისათვის, რომ მომხმარებლებს სიახლე ხშირად შევთავაზოთ, დრო და დრო პატრიკს ინგრედიენტებს ვუცვლით. მაგალითად, ასე მივიღეთ პატრიკი ჟელიბონის წარბებით. შევქმენით მესამე პროდუქტიც - კლასიკურ შფუთვას დავუმატეთ ტუტკუს შოკოლადიანი ორცხობილა და ვარდისფერი მარციპანი. გარდა ამისა, უკვე ახალი პერსონაჟიც გვყავს - სპანჯბობი. სპანჯბობი ორი სახისაა - კლასიკური და კბილებიანი.

ახალი წლის პერიოდში ასევე გადავწყვიტეთ, დაგვებრუნებინა ოლაფი და პატრიკის დიზაინში შეგვეტანა ცვლილება საახალწლო აქსესუარების დამატებით.

პატრიკის დიზაინი სხვა დროსაც შევცვალეთ. უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა შეფუთვა და შორტები უკრაინის დროშის ფერებით ჩაენაცვლებინა.

სიახლეებისა და ხარისხის დამსახურებით საშუალოდ 200 მუდმივი მომხმარებელი გვყავს, რამაც 81 ლარით დაწყებული ბიზნესი ერთ წელში 5 000-ლარიან ბრუნვაზე გაიყვანა. თავიდან იდეა სკოლის ადმინისტრაციამ დაგვიფინანსა, მას შემდეგ, რაც პრეზენტაცია შევადგინეთ და სათანადოდ მოვემზადეთ. თანხა, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, დავაბრუნეთ.

მოგების ნაწილს ყოველთვის ბიზნესის განვითარებას ვახმართ. მეორე ნაწილით კი ვიფინანსებთ გასვლით ღონისძიებებს და ვცდილობთ, ცოტა სხვებსაც დავეხმაროთ. ერთ-ერთი სოციალური პროექტი სწორედ უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა. პატრიკის გაყიდვებითი შემუსული მოგება სრულად მოვახმარეთ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ბავშვების გახალისებას. შევიძინეთ კონკრეტული ბავშების ასაკზე გათვლილი სათამაშოები, ტკბილეული და ველოსიპედები. ისინი ჩვენი საჩუქრებით ძალიან ბედნიერები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ. ასევე მოვაწყვეთ კორპორატიული საღამო ასტკბის ერთი წლის დაბადების დღის აღსანიშნავად.

პირველი გეგმა, რომელიც სამომავლოდ გვაქვს, ახალი გმირის, მინიონის შემოტანაა ბაზარზე. გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებელი მუდმივად გავანებივროთ სიახლეეებით, რომლებიც მათ საყვარელ გმირებს და გემრიელ ტკბილეულს დააკავშირებს ერთმანეთთან. შორეული სამომავლო გეგმა ქარხნის გახსნას უკავშირდება. ვფიქრობთ, ჩვენი საწარმო გავხსნათ, სადაც შეფუთვის შემადგენლობის უმეტესი დეტალი დამზადდება. ასე შესაძლებლობა გვექნება, “ასტკბის” ნაწარმი ჯერ სრულიად საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთაც პოპულარული გავხადოთ.

  • "ჩემთვის ასტკბი გუნდური და გემრიელი ბიზნესია"

  • "ერთი გუნდი, ერთი მიზანი"

  • "ჩემთვის ასტკბი არის ის ბიზნესი, რომელმაც სკოლა დაიპყრო"

  • "ასტკბი არის ბიზნესი, რომელიც ბავშებს ატკბობს"

  • "ჩემთვის ასტკბი არის შესაძლებლობა, რომ გაყიდვებიდან შემოსული თანხით შევძლოთ ვინმეს დახმარება"

  • "ჩემთვის ასტკბი არის ბიზნესი, რომელმაც სკოლაში ყოფნის დრო უკეთესობისკენ შცვალა"

  • "ჩემი აზრით, ასტკბი გვავითარებს და გვასწავლის ახალ რაღაცებს ბიზნესში"

  • "ჩემი აზრით ასტკბი არის ბიზნესი, რომელიც ბავშვებს ავითარებს და ართობს"

  • "ჩემთვის ასტკბი ისეთი ბიზნესია, რომელიც არის ძალიან მეგობრული და გუნდური"

  • "ჩემთვის ასტკბი არის საუკეთსო ჯგუფი და ჩემი აზრით ასტკბიში მონაწილეობა დამეხმარება სხვა ბიზნესების წარმოებაში"