ათასწლეულის სკოლაში მოქმედი სარემედიაციო პროგრამის მიზანია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეულ მიზეზთა გამო დროებითი, დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ, აღმოუჩინოს ის, რათა სამომავლოდ უფრო თავდაჯერებულად და მაღალი მზაობით შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა.
პროგრამა მნიშვნელოვნად ავითარებს ბაზისურ აკადემიურ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს დაწყებით საფეხურზევე არსებული გამოწვევების დროულად იდენტიფიცირებას, შემდგომ კი მათ გადაჭრაზე მუშაობას. რემედიატორ მასწავლებელთან თანამშრომლობით, პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას იღებს საგნობრივი გუნდი, დამრიგებელი და ადმინისტრაცია.
გასათვალისწინებელია, რომ მაღალ საფეხურზე არსებული დაბრკოლებები ხშირად დაწყებითი საფეხურის საბაზისო უნარებზე დაგვიანებული მუშაობის შედეგია, რის თავიდან არიდებაშიც სწორედ რემედიაციის პროგრამა გვეხმარება.
ათასწლეულის სკოლის სარემედიაციო პროგრამა:
-
სამიზნე ჯგუფს ავლენს დიაგნოსტიკურ ტესტირებაზე, დამრიგებლისა და საგნის მასწავლებლის შეფასებაზე დაყრდნობით;
-
მოიცავს შეხვედრებს კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, მცირე, 3-4 მოსწავლისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში ან - საჭიროების შემთხვევაში - ინდივიდუალურად;
- აქტიურია როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ სწავლების დროს;
- სრულად შედის სკოლის საფასურში.
რემედიაცია მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: წიგნიერება, მათემატიკა.
- წიგნიერების შემთხვევაში, პროგრამა ორიენტირებულია ფონოლოგიური, დეკოდირების/გაშიფვრის და გაწაფული კითხვის უნარების განვითარებაზე.
ფონოლოგიური სავარჯიშოების დროს ყურადღება მახვილდება სიტყვების დამარცვლაზე, პირველი ბგერის ამოცნობაზე, ბგერების გადაბმასა და სიტყვის ბგერებად დაშლაზე.
დეკოდირებისას მოსწავლეები შესაბამის ბგერებთან აკავშირებენ ასოებს. მეცადინეობები მოიცავს ასოების იდენტიფიცირებაზე მუშაობას, სიტყვის გონებაში გახმოვანებას და სიტყვის დაკავშირებას კონტექსტით გათვალისწინებულ მნიშვნელობასთან. - მათემატიკაში კომპლექტდება რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებზეა ორიენტირებული - ესენია:
რიცხვები და რაოდენობები - დაეხმარება მოსწავლეს, თავისუფლად ამოიცნოს, წაიკითხოს და გამართულად გამოსახოს რიცხვები; აღიქვას რაოდენობები და ჩაატაროს მათემატიკური ოპერაციები.
ფიგურები, სივრცეში და სიბრტყეზე ორიენტირება - მეცადინეობების შედეგად, მოსწავლე შეუფერხებლად იცნობს ფიგურებს, არ უჭირს ორიენტირება სიბრტყესა (მათ შორის რვეულში) და სივრცეში. ეს მას დაეხმარება მოტორული უნარების განვითარებასა და რვეულში მუშაობაში.
ტექსტური დავალებები - აღნიშნულ მიმართულებაზე ფოკუსირების შემდეგ, მოსწავლეს შეუძლია ტექსტური ამოცანების პირობისა და შეკითხვის გააზრება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შერჩევა და პასუხის გაცემა.