პროექტები

Penმარათონი 2023

  • მასწავლებლები თორნიკე ჭელიძე, ქეთო ხიზანიშვილი, ანა კარტოზია, საბა ქირია, ელენე აბალაკი, ნატუკა ლეგაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ია დოჭვირი.
  • კლასი VIII, IX, X, XI, XII
  • სფეროები ქართული
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

წერის კონკურს პენ-მარათონის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ კონკრეტული დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა ააგონ ტექსტი. პენ-მარათონის ჟიური არ აკვირდება მხოლოდ წერით უნარებს, მათთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა იდეები, ღირებულებები და მათი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ. ამ ყველაფრის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა - წერა. გაკვეთილებზე მსჯელობიდან და წაკითხული ტექსტებიდან დაბადებული იდეები, მოსაზრებები არ გვინდოდა მხოლოდ ერთ სივრცეში დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილებები და შთაგონებები გადმოსცენ წერილობით. პენ-მარათონის იდეა სწორედ ისაა, რომ იფიქრო, გაიაზრო, იმსჯელო და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი დაწერო, რათა სხვამ იფიქროს და იმსჯელოს. გამარჯვებული მოსწავლე იღებს სიმბოლურ პრიზს და უერთდება პენ-მარათონის საორგანიზაციო ჯგუფს. ამგვარად, ეძლევა შანსი იმუშაოს კონკურსის მომავალი ეტაპების დაგეგმვაზე. 

 

პენ-მარათონის მესამე სეზონი ჩვეულებისამებრ ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპისთვის, მონაწილეებს ასეთი დავალება შეხვდათ: არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ქართული ანეკდოტი „კაცი შედის სახინკლეში…” უნდა გაეგრძელებინათ. 5 საათის განმავლობაში სკოლის ნებისმიერ სივრცეში შეეძლოთ წერა. პირველ ეტაპზე შეირჩა ოთხი ტექსტი და მათი ავტორი მოსწავლე, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა. 

 

მეორე ეტაპზე მიზნად ფოლკლორული ექსპედიციის ჩატარება დავისახეთ. ფოლკლორი შეისწავლის ამა თუ იმ თემისა თუ კუთხის მოსახლეობის წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, ტრადიციებს, რელიგიურ მახასიათებლებსა და ხალხურ ლიტერატურას, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მსჯელობის შემდეგ, განსაკუთრებით ფშავის რეგიონით დავინტერესდით მათი მრავალფეროვანი ხალხური ლიტერატურის, მითოლოგიისა და წეს-ჩვეულებების გამო. ექსპედიციისთვის მოსამზადებლად, შერჩეულ ოთხ მონაწილეს ჩაუტარდათ ორი შემეცნებითი გაკვეთილი. პირველი გაკვეთილი ფოლკლორული ექსპედიციის მნიშვნელობასა და პროცესს ეხებოდა, ხოლო მეორე გაკვეთილი ფშავლების კულტურასა და კუთხის თავისებურებებს. მონაწილეებს წინასწარ უნდა შეედგინათ კითხვარი, რომლის მიხედვითაც წარმართავდნენ ინტერვიუებს თემის წარმომადგენლებთან. კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ორ დღიან ექსპედიციაში და ეწვივნენ სოფელ გომბორს, სადაც შეხვდნენ ფშაველთა თემის წევრებს და მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაგროვეს. მათი დავალება ჩატარებული ფოლკლორული კვლევის საფუძველზე დოკუმენტური პროზის შექმნა იყო. ექსპედიციის ფარგლებში ასევე ესტუმრნენ ქალაქ თელავს, მოინახულეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები და მიიღეს მონაწილეობა რეკრეაციულ აქტივობებში.

  • წერითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების განვითარება; 
  • კვლევითი უნარების განვითარება; 
  • საკომუნიკაციო უნარების განვითარება; 
  • ფაქტობრივი ცოდნის გაზრდა;

 

  • მოსწავლეების მიერ დაწერილი ტექსტების კოლექცია; 
  • ფოლკლორული ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების შემაჯამებელი სტატია, რიდერი;
  • სიმბოლური პრიზები მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეს;
  • გამარჯვებული მოსწავლე ჩვეულებისამებრ შეუერთდა პერ-მარათონის საორგანიზაციო გუნდს;