პროექტები

გველები

  • მასწავლებლები ლიზა ლაცაბიძე
  • კლასი IV
  • სფეროები მეცნიერება
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი
  • პარტნიორი

პროექტის განგრძლივობა: 4 კვირა

მეოთხეკლასელებმა სამეცნიერო მიმართულებით, პროექტ "გველების" ფარგლებში, ქვეწარმავლები შეისწავლეს, უშუალოდ გველების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება და მათ განწყობაზე მედიის ზეგავლენა გამოიკვლიეს. 

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ლისის ტბაზე მცხოვრები ქვეწარმავლების შესახებ მიიღეს ინფორმაცია; გაიაზრეს, რომ ეს მათთვის ბუნებრივი გარემოა და რომ ადამიანებს შეგვიძლია, ვისწავლოთ ქვეწარმავლებთან ერთად არსებობა. თუმცა სანამ ამას შევძლებთ და სხვებს შიშის დაძლევაში დავეხმარებით, რამდენიმე კითხვა უნდა დაისვას: 

  • რა განაპირობებს ხალხის შიშსა და აგრესიულ დამოკიდებულებას? 
  • აქვთ თუ არა მათ მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ქვეწარმავლებისა და, უფრო ზუსტად, გველების შესახებ? 
  • რა როლს ასრულებს ამ შემთხვევაში მედია განწყობების ჩამოყალიბებაში?

პასუხების მიღების მიზნით, მეოთხეკლასელებმა ინტერნეტსივრცეში გველებთან დაკავშირებული სტატიები და კომენტარები განიხილეს, რომლებიც სიღრმისეულად შესწავლის მიზნით კატეგორიებად დაყვეს (ეშინია, არ უყვარს, ნეიტრალურია, უყვარს და ა.შ.). 

მომდევნო საფეხურზე მოსწავლეებმა ელექტრონული კითხვარი მოამზადეს, რომელიც მშობლებთან და სხვა ოჯახის წევრებთან გადაგზავნეს, რათა დასმული საკითხის გარშემო მათი დამოკიდებულებაც გაეგოთ - ეშინიათ თუ არა; რა არის დამოკიდებულების მიზეზი, რამდენად საფუძვლიანი ან უსაფძვლოა ის; როგორ მოიქცევიან გველის დანახვისას. 

შემდეგ ეტაპზე, გველებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, მოსწავლეები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ და საქართველოში გავრცელებულ გველებზე, მათ გარეგნულ მახასიათებლებსა და მოქცევის წესებზე ისაუბრეს.

საბოლოოდ, კლასებმა შეაჯერეს მიღებული გამოცდილება, გაარჩიეს კითხვარის შედეგები, გამოკვეთეს ძირითადი გამოწვევები (რომელთა შორისაა უმიზეზო შიში, ზიზღი, ინფორმაციის ნაკლებობა) და ამ ყველაფრის საფუძველზე სასკოლო საზოგადოებისა და მშობლებისთვის დაამზადეს როგორც საინფორმაციო ბროშურა, ასევე კომიქსი, რომლის მიზანი გველების მიმართ ადამიანების დამოკიდებულების შეცვლა იყო.

პროექტ "გველების" მიზანი ისეთი სასწავლო-სამეცნიერო უნარების განვითარება იყო, როგორებიცაა: 

  • დაკვირვება;
  • მონაცემების აღრიცხვა, დაჯგუფება და დახარისხება;
  • მოსალოდნელი რისკების პროგნოზირება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება;
  • ინფორმაციის გაანალიზება, მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება.

გველების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბროშურა და კომიქსი.