პროექტები

რადიო

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზი ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, თორნიკე ჭელიძე
  • კლასი I, II
  • სფეროები მათემატიკა, ქართული
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., ჭელიძე თ., პროექტი "რადიო", ათასწლეულის სკოლა, 2014
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც რადიო გადაცემის ავტორებმა, შევქმნათ მოსწავლეებისათვის საინტერესო რადიო არხი?

ხანგრძლივობა: 2 კვირა

რადგან რადიოს თემა მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო, გადაწყვიტეს თვითონაც ეცადათ რადიო გადაცემების ჩაწერა და შემდეგ მათი სკოლის რადიოში გაშვება.

მოსწავლეები გადანაწილდნენ მცირე ჯგუფებში და რადიო არხის იდეაზე დაიწყეს მსჯელობა: როგორ გვინდა იყოს ჩვენი რადიო? მას შემდეგ რაც რამდენიმე მახასიათებელი განსაზღვრეს, შეარჩიეს რადიო არხის სახელი (რამდენიმე მაგალითი: რადიო “სხვა არის”, ბუს რადიო, სიცოცხლის რადიო, რადიო “კუბიკი”, რადიო “ჭრელი პეპელა” ა.შ), ლოგო და იმ გადაცემების სია, რომელიც მათ რადიო არხზე შეიძლება გასულიყო (რამდენიმე მაგალითი: მუსიკალური პაუზა, ინტერვიუ, სპორტული გადაცემა, სარეკლამო პაუზა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები, კულინარიული გადაცემა ა.შ).

თითოეული გადაცემისათვის განსაზღვრეს დაწყებისა და დასრულების დრო, გადაინაწილეს მოვალეობები და ცალ-ცალკე დაიწყეს რადიო გადაცემების შინაარსზე მუშაობა. მას შემდეგ რაც პირველადი ვერსია უკვე ჰქონდათ, კვლავ გაუზიარეს ნამუშევარი გუნდის წევრებს და ახლა უკვე ერთად სცადეს გადაცემების შინაარსის დამუშავება და მათთვის საბოლოო სახის მიცემა. 

მეორე კვირა ჩაწერაზე მუშაობას დაეთმო. ჯგუფებს გადაცემის ჩაწერაში დახმარება მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გაუწეის. პროცესი ძალიან სახალისო იყო, რადგან ზუსტად მაშინ, როცა წამყვანი სერიოზული ხმით შეძლებდა საუბრის დაწყებას ხშირად გუნდის სხვა წევრებს ხითხითი უტყდებოდათ. 

საბოლოოდ ყველა გუნდმა შეძლო ხარისხიანი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც კვირის ბოლოს დერეფანში რადიოს დინამიკებში გაისმა და სხვა კლასის მოსწავლეებმაც ინტერესით მოისმინეს.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთმანეთთან თანამშრომლობით შეედგინათ რადიო გადაცემის გეგმა და უფროსი კლასების დახმარებით გაეკეთებინათ გადაცემის ჩანაწერი. 

სასწავლო მიზნები:

  • კომუნიკაციის გზების შესახებ თვალსაწიერის გაფართოება
  • საერთო მიზანზე მუშაობისას როლების გადანაწილების უნარების განვითარება
  • დროის მართვის უნარების განვითარება
  • ზეპირმეტყველების უნარების გაუმჯობესება
  • შემოქმედებითი აზროვნების გაუმჯობესება

 

  • რადიო გადაცემა;
  • რადიო ტალღის ლოგო;
  • გადაცემების განრიგი და აღწერა.