პროექტები

პური

  • მასწავლებლები ლიზა ლაცაბიძე
  • კლასი I
  • სფეროები მეცნიერება, სხვა დღე
  • ციტირება ლაცაბიძე ლ., პროექტი "პური“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მცხობელებმა, გამოვაცხოთ გემრიელი პური და გავუზიაროთ ის ჩვენს მეგობრებს?

ხანგრძლივობა: 3 კვირა

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები 3 კვირის განმავლობაში, მცირე ჯგუფებში მუშაობდნენ პურის რეცეპტის აღმოსაჩენად. 

პირველ ეტაპზე, მათი მიზანი იყო დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ სხვადასხვა ტიპის პური, რის საფუძველზეც მცირე ზომის ჯგუფებში შეადგინეს პურის სავარაუდო რეცეპტი. 

მეორე ეტაპზე, გადაინაცვლეს სამზარეულოში, სადაც კვლავ მცირე ჯგუფებში სცადეს თავიანთი რეცეპტის დატესტვა და გამოაცხვეს 4 სხვადასხვა ტიპის პური. პურების უმეტესობამ მოსწავლეების მოლოდინები ვერ გაამართლა. შეფასებისას მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათი გამომცხვარი პური არ გამოვიდა ისეთი ფუმფულა, გემრიელი როგორსაც ელოდნენ (მაგ.იყო ძალიან მარილიანი ან ზედმეტად სველი). ეცადნენ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოყენებით გამოეთქვათ ვარაუდები, თუ რას შეეძლო გამოიწვია მათი გამომცხვარი პურის პრობლემები. საბოლოოდ გადაწყვიტეს პურის ზუსტი რეცეპტის გასაგებად საცხობში წასულიყვნენ და წინასწარ მოამზადეს შეკითხვები, რომლებსაც მცხობელებს დაუსვამდნენ: “როგორ გამოგდით პური ფუმფულა? რამდენ ხანს აცხობთ? ” და ა.შ.

საცხობში ვიზიტისას მოიპოვეს პურის რეცეპტი, რომელიც სხვა ინგრედიენტებთან ერთად საფუარსაც შეიცავდა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ საფუარის დანიშნულების გასარკვევად ექსპერიმენტიც ჩაატარეს, სადაც ნახეს როგორ იბერება ბუშტი, რომელიც საფუარით სავსე ბოთლს აქვს თავზე წამოცმული და დააკავშირეს ეს ცომის აფუებასთან. 

საბოლოო ეტაპზე, სამზარეულოში თავინთი ჩანიშნული რეცეპტით გაემართნენ და ახლა უკვე როგორც “ექსპერტებმა” ახალი პურები გამოაცხვეს. სანამ პური ცხვებოდა შეისწავლეს დაგემოვნებული პურების ეტიკეტები და ამის საფუძველზე შექმნეს თავიანთი პურის ეტიკეტის დიზაინი.

გამომცხვარი პურები სხვადასხვა კლასმა სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს გაუზიარა და მოუყვა მათ თავიანთი გამოვლილი გზის შესახებ.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს, ნაცნობ საკითხთან დაკავშირებულ სახალისო გამოწვევაზე მუშაობისას განევითარებინათ პრობლემის გადაჭრის, დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური მუშაობის უნარები. 

პროექტის განმავლობაში, მათ შეძლეს სხვადასხვა დისციპლინებში მიღებული ცოდნისა და უნარების განმტკიცება: 

  • რეცეპტის ჩაწერისას და ეტიკეტის დამზადებისას, გამოიყენეს წერის და მოსმენის უნარები;
  • ინგრედიენტების ოდენობის განსაზღვირსას გამოიყენეს რაოდენობრივი აზროვნება;
  • საფუარზე ექსპერიმენტის ჩატარებისას საფუძველი ჩაეყარა კვლევითი უნარების განვითარებას.
  • სხვადასხვა დაკვვირვებების დროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის აღმოჩენა. 

მოსწავლეების მიერ მოპოვებული რეცეპტით გამომცხვარი პური და შეფუთვა, რომელზეც ინგრედიენტებია დატანილი.