პროექტები

მუზეუმები

  • მასწავლებლები მარი პაპიაშვილი, ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, სოფო კოშაძე, ნინო სიხარულიძე, ნინო მანწკავა
  • კლასი I, III
  • სფეროები ხელოვნება, სხვა დღე
  • ციტირება პაპიაშვილი მ., დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., კოშაძე ს., სიხარულიძე ნ., მანწკავა ნ., პროექტი "მუზეუმები“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მხატვრებს, ორგანიზატორებს, სკოლაში საკუთარი მუზეუმის მოწყობა და სტუმრების მოწვევა? როგორ შეგვიძლია საკუთარი გასვლითი ღონისძიების დაგეგმვა?

ხანგრძლივობა: 3-5 კვირა

მუზეუმების სხვა დღეზე მოსწავლეებმა სკოლაში დროებითი მუზეუმი გახსნეს და აუქციონი მოაწყვეს. სამუშაო პროცესი შემდეგნაირად წარიმართა: 

მოსწავლეებმა გაიხსენეს თავიანთი გამოცდილება და იმსჯელეს რომელი მუზეუმი რა მიზეზით იყო მათთვის შთამბეჭდავი. კლასში გაჩნდა კითხვა: ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ სხვებისათვის საინტერესო მუზეუმის სივრცე სკოლაში? ბევრი ფიქრის შემდეგ, თითოეული კლასი შეთანხმდა, რომ სკოლაში მუზეუმის გაკეთება შესაძლებელიც იქნებოდა და თანაც პროცესშიც ძალიან იხალისებდნენ. 

სურვილების განსახორციელებლად, ერთად ჩამოწერეს ყველა იმ ელემენტის სია, რომელიც მათ მუზეუმს უნდა ჰქონოდა: ექსპონატები, მათი აღწერები, ოთახი მუზეუმისთვის, ბილეთები, წარწერა შესასვლელში, ქცევის წესები, გიდები ა.შ. შემდეგ დროში გადაანაწილეს როდის რა უნდა გაეკეთებინათ მიზნის მისაღწევად, დათქვეს მუზეუმის გახსნის თარიღი და შეუდგნენ მუშაობას. 

ხელოვნების გაკვეთილები ექპონატების შესაქმნელად გამოიყენეს. კლასის ნაწილი ადმინისტრაციას მოელაპარაკა თარიღზე და სივრცეზე, ნაწილმა ბილეთების დიზაინზე იმუშავა, ნაწილმა მუზეუმში ქცევის წესები შეადგინა. სივრცე ერთად მოაწყვეს და საბოლოოდ აუქციონის გამართვაც გადაწყვიტეს, რადგან იფიქრეს, რომ ასე უფრო კარგად მოუყვებოდნენ სტუმრებს მათი ნამუშევრების შესახებ.

ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხით გადაწყვიტეს რომელიმე მუზეუმს წვეოდნენ, ამიტომ თბილისში არსებული მუზეუმების საიტები დაათვალიერეს, გამოკითხვის მეთოდით შეარჩიეს მათთვის ყველაზე საინტერესო, დაითვალეს რა დაუჯდებოდათ ამ მუზეუმში ვიზიტი და შესაბამისად გამოთვალეს დაახლოებით რა უნდა ყოფილიყო მათი გახსნილი მუზეუმის ბილეთის ფასი. 

მუზეუმის გახსნის დღისთვის კვლავ გადაინაწილეს როლები. გიდები შეთანხმდნენ ვინ რომელ ნამუშევარზე ისაუბრებდა, ორმა მოსწავლემ ბილეთების გაყიდვა აიღო თავის თავზე, ორმა შემოსასვლელში ბილეთების კონტროლი. ზოგიერთ კლასში რამდენიმე მოსწავლემ აუცქიონის წაყვანაც მოისურვა. 

სტუმრების მოსვლის დროისთვის ყველა ძალიან მობილიზებული, მონდომებული და აჟიტირებული იყო. თითოეული სტუმრის კითხვას უპასუხეს და ამაყად ათვალიერებინებდნენ მათ თავიანთ ნამუშევრებს. აუქციონის დროს მათ პირველად ჰქონდათ საშუალება ფართო აუდიტორიის წინაშე თავიანთ, ან თავიანთი მეგობრის ნაშრომზე ესაუბრათ. პოზიტიურ გარემოში ასეთი გამოცდილების მიღება, დაეხმარათ რომ მომავალშიც გასჩენოდათ მსგავსი ღონისძიებების მოწყობის სურვილი. 

მუზეუმის დღის წარმატებით დასრულების შემდეგ დაითვალეს შემოსული თანხა რამდენიმე დღის შემდეგ კი ეწვივნენ შერჩეულ მუზეუმს.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს განევითარებინათ საორგანიზაციო უნარ-ჩვევები და მომატებოდათ თავდაჯერებულობა და გამბედაობა სკოლაში ინიციატივების აღების კუთხით. 

მუშაობისას მათ გამოსცადეს როლების გადანაწილება, შემოსავლების დათვლა, მსჯელობის შედეგად საერთო გადაწყვეტილების მიღება. ფართო აუდიტორიასთან შეხვედრისას გაიუმჯობესეს კომუნიკაციის უნარები. 

ამასთან ერთად სიღრმისეულად გაიაზრეს მუზეუმის ცნება, რაც მომავალში მათ მუზეუმში ვიზიტებს უფრო გააზრებულს გახდის.

მუზეუმის ექსპონატები, სამუზეომოდ მოწყობილი სივრცე.