დისტანციური: კინოჩვენება
- მასწავლებლები ნინიკო ქანთარია, ლიკა ჭანუყვაძე, მარიამ კუტუბიძე, მარიამ მატუა, თამთა კონჯარია.
- კლასი I
- სფეროები სხვა დღე, დისტანციური
- ციტირება ქანთარია ნ., ჭანუყვაძე ლ., კუტუბიძე მ., მატუა მ., კონჯარია თ., პროექტი "დისტანციური: კინოჩვენება“, ათასწლეულის სკოლა, 2020
- აღწერა
- მიზანი
- პროდუქტი
მთავარი კითხვა: როგორ შეიძლება კინოჩვენების მოწყობა ზუმში, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა ამისთვის?
მოსწავლეებმა - დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გასატარებლად - გადაწყვიტეს ზუმში კინოჩვენების მოწყობა. კინოჩვენების გამართვამდე იმსჯელეს, რა ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდათ ამისათვის. მათი პირველი ამოცანა იყო შეერჩიათ ანიმაცია/ფილმი, რომელიც თითოეული მათგანისთვის საინტერესო იქნებოდა. ჩამოთვალეს მათთვის საინტერესო, სასურველი ანიმაციები/ფილმები. ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს ერთად ენახათ - Inside Out. ანიმაციის შერჩევის შემდეგ იმსჯელეს უშუალოდ კინოჩვენების პროცესის სასიამოვნოდ წარმართვისთვის რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. რადგან კინოჩვენებისას, მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო, ბავშვებმა გადაწყვიტეს, სახლში წინასწარ შეერჩიათ, მოემზადებინათ სივრცე, რომელიც მყუდრო და მშვიდი იქნებოდა. ეზრუნათ და მოეძებნათ რესურსები, რომლებიც კომფორტულად მოკალათებაში დაეხმარებოდათ.
მსჯელობის პროცესში გაჩნდა კითხვა, ხომ არ არსებობდა დამატებითი საშუალებები, აქსესუარები თუ ატრიბუტები, რომლებიც დაეხმარებოდათ ბავშვებს კინოთეატრთან მიახლოებული გარემოს შექმნაში. ერთობლივი გადაწყვეტილებით შეჯერდნენ, დაემზადებინათ სათვალეები და პოპკორნი. ბავშვებმა პოპკორნის და სათვალის დამზადების ხმოვანი ინსტრუქციების საშუალებით საკუთარი ხელით დაიმზადეს კინოჩვენებისთვის სასურველი ატრიბუტები. მოგვიანებით, მეგობრებს გაუზიარეს კიდეც კინოჩვენებისთვის მზადების ამსახველი ფოტომასალა.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გაიარეს მოსამზადებელი სამუშაოები, წინასწარ შერჩეულ დროს ნახეს Inside Out. კინოჩვენების დასრულების შემდეგ განიხილეს ნანახი ანიმაცია. კრიტიკულადაც შეაფასეს მოსამზადებელი სამუშაოები, აღნიშნეს რომ უმჯობესი იქნებოდა შეერჩიათ ანიმაცია, რომლის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლები იქნებოდა. ასევე ისაუბრეს, რამდენად საისამოვნო იყო მათთვის მეგობრებთან ერთად, მათთივე დამზადებული საგნებით კინოჩვენების მოწყობა ზუმში.
საორგანიზაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა, მიზნის დასახვა, სამოქმედო გეგმის შედგენა.
ზუმში მოწყობილი კინოჩვენება, მოსწავლეების მიერვე დამზადებული პოპკორნი და სათვალეები.