პროექტები

უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი

  • მასწავლებლები გიორგი ნებიერიძე
  • კლასი X
  • სფეროები ბიოლოგია, ერთი დღე - ერთი პრობლემა
  • ციტირება ნებიერიძე გ., პროექტი "უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • პრობლემა
  • მიზანი
  • პროდუქტი

უჯრედების რაოდენობრივი ანალიზის მეთოდებს მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო და კვლევითი ღირებულება აქვს. დღეისათვის უჯრედების დათვლის მრავალი მაღალტექნოლოგიური მეთოდი არსებობს, თუმცა ამ ოპერაციის შესრულება სინათლის მიკროსკოპითაც შესაძლებელია.

სასწავლო აქტივობის ფარგლებში მოსწავლეების გამოწვევა იყო, ჰემოციტომეტრის (დანაყოფებიანი სასაგნე მინა) გამოყენებით გამოეთვალათ უჯრედების რაოდენობა 100 მლ საფუარას სოკოს სუსპენზიაში. ამისათვის მათ ჰქონდათ ინფორმაცია ჰემოციტომეტრის დანაყოფის ფასის შესახებ, უჯრედების დათვლისა და დიდ მოცულობაზე გადაანგარიშების ტექნიკები კი თავად უნდა განესაზღვრათ.

სუსპენზიაში საფუარა სოკოს უჯრედების რაოდენობრივი ანალიზის სიზუსტისთვის მნიშნველოვანი იყო, რომ მოსწავლეებს სწორად აეღოთ საკვლევი ნიმუში და შეემუშავებინათ უჯრედების დათვლის სტრატეგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა მიღებული მონაცემების ცდომილებას.

ზუსტი მეთოდის შესაქმნელად მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში. მათ პირველ გამოწვევად დაისახეს რომ გამოეთვალათ ჰემოციტომეტრის ერთი უჯრედის მოცულობა. ამ პარამეტრის დადგენის შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყეს უჯრედების დათვლა დანაყოფებიან სასაგნე მინაში. ჯგუფებმა ინდივიდუალურად გადაწყვიტეს თუ რამდენი უჯრედის დათვლა იყო საკმარისი უჯრედების საშუალო მაჩვენებლის შესახებ სტატისტიკურად სანდო ვარაუდის გამოსათქმელად.

ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა გამოიანგარიშეს საფუარა სოკოს უჯრედების სავარაუდო რაოდენობა 100 მილილიტრ სუსპენზიაში და შეუდგნენ პრეზენტაციაზე მუშაობას.

სასწავლო აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც მოიცავს: კრიტიკული აზროვნების, რაოდენობრივი ანალიზისა და მონაცემების პრეზენტირების უნარებს.

სასწავლო დღის ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს პრეზენტაციის სახით, სადაც ისაუბრეს პრობლემის გადასაჭრელად მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე. ასევე მოსწავლეებმა შექმნეს ფორმულა კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც ნედლი მონაცემების საფუძველზე ითვლის უჯრედების რაოდენობას სასურველ მოცულობაში.