პროექტები

თაროები

  • მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, მარი პაპიაშვილი, სოფო კოშაძე.
  • კლასი II
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., პაპიაშვილი მ., კოშაძე ს., პროექტი “თაროები“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც დიზაინერებს, სკოლისათვის შევქმნათ მაქსიმალურად პრაქტიკული თაროების დიზაინი?

სხვა დღის საწყის ეტაპზე მოსწავლეები შეხვდნენ მესამეკლასელებს. შეხვედრის მიზანი იყო, რომ მეორეკლასელებს მათთვის გაეზიარებინათ სკოლაში დაფიქსირებული პრობლემა და მის გადაჭრაში ეთხოვათ დახმარება.

პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ  სპორტ დარბაზის გასახდელ სივრცეში მოსწავლეები ხშირად კარგავდნენ ნივთებს და უჭირდათ საკუთარი ტანსაცმლის ორგანიზება. მესამეკლასელების თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ინდივიდუალურად გამოყოფილი სათავსოები/თაროები გასახდელებში არ იდგა. 

მეორეკლასელებმა გამოთქვეს მზაობა პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად და გადაჭრის რამდენიმე ალტერნატივაზე იფიქრეს. 

განიხილეს პრობლემა და დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას. შეთანხმდნენ, რომ პრობლემის საუკეთესო გადაჭრა გასახდელში ინდივიდუალური თაროების დამონტაჟება იქნებოდა. 

დაიწყეს ანალიზი, რა ჯობდა - მაღაზიაში მზა თაროს ყიდვა, თუ შეკვეთა. სხვადასხვა საიტზე ფოტოების დათვალიერებისა და მსჯელობის შემდეგ დაასკვნეს, რომ ერჩივნათ თარო საკუთარი დიზაინით შეეკვეთათ, რადგან ასე უკეთ შეძლებდნენ ზუსტად მათ საჭიროებებზე მორგებული თაროს მიღებას. მოსწავლეებმა გაარკვიეს, რა დასჭირდებოდათ ხელოსანთან შესაკვეთად; შეადგინეს და მიჰყვნენ სამოქმედო გეგმას:  

  • განსაზღვრეს სასურველი თაროს მახასიათებლები - როგორი თარო იქნებოდა უფრო პრაქტიკული მოსწავლეებისთვის; 

  • ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები - გაზომეს გასახდელის სივრცე, მოსწავლის სიმაღლე, თაროებში შესანახი ნივთების ზომები. გაზომვების სწორად ჩასატარებლად კონსულტაცია გაიარეს მათემატიკის მასწავლებელთან, რათა არასტანდარტული ერთეულების ნაცვლად ესწავლათ სანტიმეტრის ერთეულის გამოყენებით გაზომვა; 

  • შეარჩიეს თაროს დიზაინი და მოამზადეს ზუსტი ნახაზი; ნახაზის მოსამზადებლად კონსულტაცია გაიარეს მათემატიკის მასწავლებელთან და მიიღეს ხაზვასთან დაკავშირებული რჩევები; წერილობით დაუკავშირდნენ ხელოსანს, გადაუგზავნეს ნახაზი და ტექსტი, რომელშიც დეტალურად აღწერეს თავიანთი საჭიროებები.

რამდენიმე კვირის შემდეგ, ხელოსანმა დამზადებული თაროები სკოლაში მოიტანა და გასახდელში დაამონტაჟა. მოსწავლეებმა თაროების დამონტაჟების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სხვა კლასების მოსწავლეებს.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს უკვეთ მოერგოთ სასკოლო სივრცე თავიანთ ყოველდღიურ საჭიროებებთან. მიზნის მისაღწევად მოსწავლეებმა დააფიქსირეს და გააანალიზეს ყოველდღიური, პრაქტიკული საჭიროებები; მათი გათვალისწინებით შექმნეს ავეჯის დიზაინი, ნახაზი და თაროები შეუკვეთეს ხელოსანს.

სასწავლო მიზნები: 

  • მოსწავლეებმა სხვა დღის მიზნისათვის განავითარეს გაზომვისა და ხაზვის უნარები; 
  • მოსწავლეებმა გამოსცადეს დიდ ჯგუფში თანამშრომლობა საერთო პროდუქტზე მუშაობისას; 
  • მოსწავლეებმა გაიაზრეს საკუთარი როლი სკოლაში, იმ კუთხით, რომ მათ თავად შეძლეს სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარება.

მოსწავლეების დიზაინითა და ნახაზით აგებული თარო.