პროექტები

სათბურები

  • მასწავლებლები ნადეჟდა პომიკალოვა
  • კლასი V
  • სფეროები მეცნიერება
  • ციტირება პომიკალოვა ნ., პროექტი "სათბურები“, ათასწლეულის სკოლა, 2021
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ გამოვზარდოთ არასეზონური მცენარე სათბურის პირობებში და შემდგომ მოვახდინოთ მისი რეალიზაცია?

ხანგრძლივობა: პროექტზე მუშაობა 6 კვირა; პროდუქტის მიღების მოლოდინის პერიოდი 8 -10 კვირა. 

პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, სადაც თანმიმდევრულად დაალაგეს მიზნის მასაღწევად შესასრულებელი სამუშაოები. მათი გეგმის მიხედვით, პირველად აუცილებელი იყო, ლიტერატურის გამოყენებით შეერჩიათ ადვილად მოსავლელი, მაღალპროდუქტიული, სწრაფად ზრდადი მცენარე და შეესწავლათ მისი მოყვანისა და მოვლის მეთოდები. განხილული ვარიანტებიდან შეარჩიეს მცენარე ტიტა. ლიტერატურის დახმარებით მათ აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ტიტას ყვავილობისთვის აუცილებელია, ბოლქვებმა გამოიზამთრონ მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში 4-5 0C-ზე. ამისთვის ტიტები მოათავსეს მაცივარში.

გეგმის შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა შეესწავლათ სათბურის მოწყობის, მორწყვის, გათბობის სისტემები; განეხილათ სხვადასხვა მასალის, კონსტრუქციისა და ტიპის სათბურები და შეერჩიათ ისეთი ტიპის სათბური, რომლის აწყობასაც თავად შეძლებდნენ. კონსტრუქციისთვის დასჭირდათ მასალად ხე, ხოლო საფარ მასალად სასათბურე ფირი (ცელოფანი). აღნიშნულის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს სათბურის მოდელის ნახაზები, რომლის მიხედვითაც შემდგომ ააწყეს სათბურები. ამასთან, შეადგინეს საჭირო რესურსების სია.

მას შემდეგ, რაც ტიტას ბოლქვებმა მაცივარში გამოიზამთრეს, მოსწავლეებმა ისინი დარგეს და მოათავსეს სათბურში. ტიტებმა ეტაპობრივად ყვავილობა ორი თვის შემდგომ დაიწყეს. 

ტიტების რეალიზაციისთვის მოსწავლეებმა შეიმუშავეს გეგმა: პირველ ეტაპზე მათ გამოთვალეს, რა დაჯდა თითო ტიტას მოყვანა და გამოითვალეს მისი გასაყიდი ღირებულება. შექმნეს ეტიკეტები, სადაც მყიდველისთვის მითითებული იყო ტიტას მოვლის წესები.

შემდგომ მოიფიქრეს, სად და როგორ გაყიდდნენ და, საბოლოოდ, მოახდინეს მისი რეალიზაცია.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეაზრებინათ:

  •  ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემოების მნიშვნელობა;

  • რა არის სათბური, როგორია მათი მოწყობისა და მასში მცენარეების მოყვანის პრინციპი;

  • სათბურში მოყვანილი მცენარეების მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისით;

  • ხელოვნური მორწყვის სისტემების ტიპები;

  • ყვავილოვანი მცენარის ზოგადი აგებულება.

  • საკვლევი მცენარითვის დამახასიათებელი დაავადებები და მათი თავიდან არიდების გზები ან მკურნალობის მეთოდები.

ასევე პროექტზე მუშაობისას გამოიმუშავეს შემდეგი უნარები: ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, მსჯელობა, დასკვნის გამოტანა, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ურთიერთთანამშრომლობა, კომუნიკაციების დამყარება გარეშე პირებთან, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მოსალოდნელი რისკების პროგნოზირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა მიიღეს შემდეგი პროდუქტები: ტიტას მოყვავილე მცენარეები და სათბურები.

სათბური დამზადებულია ხის კონსტრუქციით. საფარი მასალა - სასათბურე ფირი (ცელოფანი). სათბურის ზომებია 1 x 2 x 1მეტრი. სახურავი სამკუთხედის ფორმის ცალი მხრიდან ასახდელით. ასეთ სათბურში შესაძლებელია  30-50 სანტიმეტრამდე ზომის მცენარეების მოყვანა. იდეალურია მწვანილების და საგაზაფხულოდ ჩითილების გასაზრდელად.