პროექტები

ჯანსაღი კვება: კვლევა

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზი ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, თორნიკე ჭელიძე
  • კლასი II
  • სფეროები მათემატიკა, მეცნიერება, სხვა დღე, კომპიუტერული აზროვნება
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., ჭელიძე თ., პროექტი "ჯანსაღი კვება: კვლევა", ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მეორეკლასელებმა, ხელი შევუწყოთ პირველკლასელებს ჯანსაღ კვებაში?

ხანგრძლივობა: 4 კვირა

მეორე კლასის მოსწავლეები, ჯანსაღ კვებაზე მეტი ინფორმაციის გასაგებად შექვდნენ ექიმს, სპორტსმენს, მზარეულს, რომლებსაც წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვეს და კითხვებზე მიღებული პასუხები ჩაინიშნეს. 

შეხვედრების შემდეგ ეცადნენ შეეჯამებინათ მიღებული ინფორმაცია და ემსჯელათ რა იყო ისეთი რაც აქამდე არ იცოდნენ. ინფორმაციის შეჯერების შემდეგ იფიქრეს, რომ კარგი იქნებოდა ეს ცოდნა პირველ კლასშიც ჰქონოდათ, ამიტომ დასვეს კითხვა: “როგორ შეგვიძლია პირვეკლასელებს ჩვენი მიღებული ცოდნა გავუზიაროთ?”. ჩამოთვალეს რამდენიმე ვარიანტი და თითოეულის შეფასების შემდეგ გადაწყვიტეს მოკლე ვიდეოების მომზადება, სადაც სახალისოდ მოყვებოდნენ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლის შესახებად პროექტის ფარგლებში გაიგეს. ვიდეოებზე მცირე ჯგუფებში იმუშავეს და საბოლოო ვერსია კლასის მეილის საშუალებით გადაუგზავნეს პირველი კლასის დამრიგებლებს. 

საკუთარ ნამუშევარზე მსჯელობის შემდეგ წამოიჭრა ახალი პრობლემა - ხშირად კაფეტერიაში ჯანსაღ საკვებს მოსწავლეები არ მიირთმევენ. ამ საკითხზე ფიქრისას თავიდან სურვილი გაუჩდნათ კაფეტერიის მენეჯერისთვის ახალი მენიუ შეეთავაზებინათ სადაც ბავშვებისთვის საყვარელ ჯანსაღ საკვებს მიუთითებდნენ, თუმცა იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ზუსტად არ იციან თუ რომელი პროდუქტებია ყველაზე საყვარელი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის. ამიტომ შემდეგი სხვა დღე დაუთმეს იმის შესწავლას თუ როგორ შეიძლება გავიგოთ ასეთ კითხვებზე პასუხი.

შეისწავლეს კვლევის ჩატარების ძირითადი პრინციპები, ჩამოაყალიბეს მათი საკვლევი კითხვა “რომელია პირველკლასელების ყველაზე საყვარელი ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი და ტკბილეული?”. კითხვაზე პასუხის მისაღებად შეადგინეს ვიზუალური “კითხვარი”, რომელზე პასუხსაც პირველკლასელები სტიკერების ჩაკვრით, მარტივად გასცემდნენ, რადგან ამ ეტაპზე მათ კითხვა ჯერ არ იცოდნენ. დღის ბოლოს კი მიღებული პასუხების ანალიზს შეუდგნენ. 

სტიკერები დაითვალეს და შესაბამისად ააგეს სვეტოვანი დიაგრამა, რომელზეც ადვილად დაინახეს, თუ რომელი პროდუქტები იყო ყველაზე პოპულარული. დიაგრამის საფუძველზე დაწერეს მოკლე ანგარიშიც, ბოლოს კი კაფეტერიის მენეჯერის სახელზე წერილი დაწერეს, სადაც აღწერეს თავიანთი კვლევა და მენეჯერს თხოვნით მიმართეს, კვლევის შედეგების მიხედვით შერჩეული 4 პროდუქტი პერიოდულად მენიუში შეეტანა. მენეჯერის თანხმობა იმავე კვირას მიიღეს. ორი კვირის შემდეგ კი მენიუში ცვლილებებიც დაინახეს.

ჯანსაღი ცხოვრების პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გააზრებულად, საკუთარი ინიციატივით გაეგოთ მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ესწავლათ მარტივი რაოდენობრივი კვლევის ჩატარება და შედეგების ანალიზი, გაეაზრებინათ საკუთარი მნიშვნელობა სასკოლო საზოგადოებაში.

  • საინფორმაციო ვიდეოები პირველი კლასის მოსწავლეებისთვის;
  • კითხვარები;
  • კვლევის ანგარიში;
  • ფორმალური წერილი კაფეტერიის მენეჯერს.