პროექტები

გიდი ბოტანიკურ ბაღში

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზი ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, თორნიკე ჭელიძე
  • კლასი II
  • სფეროები ქართული, ხელოვნება, მეცნიერება, სხვა დღე
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., ჭელიძე თ., პროექტი "გიდი ბოტანიკურ ბაღში", ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი
  • პარტნიორი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც გიდებმა, გავხადოთ ბოტანიკური ბაღი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო ბაღის სტუმრებისთვის?

ხანგრძლივობა: 5 კვირა

მეორე კლასში მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ, სადაც გაიგეს, რომ ბოტანიკური ბაღის სტუმრები ხშირად არ აკვირდებიან საინტერესო მცენარეებს და მრავალფეროვან ბაღებსაც არ ათვალიერებენ. სკოლაში დაბრუნებულებმა იმსჯელეს შეეძლოთ და სურდათ თუ არა ერთი დღით ბოტანიკური ბაღის გიდები გამხდარიყვნენ და უფრო მეტი სტუმარი დაეინტერესებინათ გამორჩეული მცენარეებით. შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები და დრო და გადაწყვიტეს ეცადათ. 

რადგან ბოტანიკური ბაღს გიდობა მათთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რამდენიმე დიდი კითხვა დაისვა: 1. როგორ ვიყო კარგი გიდი? 2. რითი გამოირჩევიან ბოტანიკური ბაღის მცენარეები? 3. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საინტერესოდ მოვუყვეთ სხვებს? 4. როგორ შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი ღონისძიების შესახებ?

როგორ ვიყო კარგი გიდი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა პირველ რიგში გაიხსენეს ყველა ის გიდი, რომელიც აქამდე შეხვედროდათ და ამის საფუძველზე ეცადნენ ჩამოეყალიბებინათ კარგი გიდის მახასიათებლები. 

ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად კლასში მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებიც მოიწვიეს, რომლებსაც გასულ წელს ზოოპარკის გიდობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. უფროსი კლასის მოსწავლეებმა გაუზიარეს მეორეკლასელებს თუ რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო გიდობის პროცესში, რა სირთულეებს წააწყდნენ და რას ურჩევდნენ მომავალ გიდებს. მიღებული რჩევების საფუძველზე მეორეკლასელებმა დაასკვნეს, რომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვინ არის ჩვენი მსმენელი და შესაბამისად გადავწყვიტოთ რა შეიძლება იყოს მისთვის საინტერესო. 

თეორიული მსჯელობის შემდეგ, საკუთარი თავის გამოსაცდელად სკოლაში პატარა თამაში ითამაშეს, სადაც მათი დავალება იყო სკოლის “იმიტირებული” სტუმრისთვის დაეგეგმათ 10 წუთიანი  სკოლის ტური, რომელიც სტუმრის ინტერესებს იქნებოდა მორგებული. ჯგუფებმა დროში გადაანაწილეს და დაგეგმეს ტურის შინაარსი, შემდეგ კი მართლაც შეხვდნენ სტუმრებს (მშობელი, სპორტის მასწავლებელი, ხელოვნების მასწავლებელი, მომავალი პირველი კლასის მოსწავლე ა.შ) და გეგმის მიხედვით დაათვალიერებინეს სკოლა. ტურების დასრულების შემდეგ კლასში დაბრუნდნენ და ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებაზე მოუყვნენ, შეაფასეს რა გამოუვიდათ კარგად და რას გააკეთებდნენ უკეთესად და საბოლოოდ გადაწყვიტეს ბოტანიკური ბაღის გიდობა.

რითი გამოირჩევიან ბოტანიკური ბაღის მცენარეები? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საინტერესოდ მოვუყვეთ სხვებს?

ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც მეორეკლასელებმა პირველ კითხვაზე პასუხების ძიებისას გააკეთეს იყო: მნიშვნელოვანია, რომ გიდმა კარგად იცოდეს ის რაზეც სხვებს უყვება. ამიტომ დარჩენილი კვირების განმავლობაში თითოეული ჯგუფი ბოტანიკურ ბაღში შერჩეული მცენარეების შესახებ კითხულობდა ტექსტებს და იღებდა ინფორმაციას. ქართულის გაკვეთილზე გააფერადეს საინფორმაციო ტექსტებში მათთვის საინტერესო ნაწილები და შეადგინეს იმ საინტერესო ამბების სია, რომელიც მათი აზრით ბოტანიკური ბაღის სტუმრებს დააინტერესებდათ. 

ახლა მათი გამოწვევა იყო ეს ამბები სხვადასხვა რესურსებითა და ხერხებით კიდებ უფრო საინტერესოდ მიწეოდებინათ სტუმრებისთვის. ამიტომ შეადგინეს სამუშაო გეგმა და გადაინაწილეს საქმიანობები: ზოგიერთმა ჯგუფმა იმუშავა თემატური თამაშების მოფიქრებაზე და რესურსების დამზადებაზე, ზოგიერთმა ჯგუფმა ილუსტრაციები და რუქა შეადგინა ვიზიტისთვის, ზოგმა კი მცენარეებზე მოსაყოლი ამბებისათვის საინტერესო სამგანზომილებიანი რეკვიზიტები შექმნა.

როგორ შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი ღონისძიების შესახებ?

საბოლოოდ, ხუთმა კლასმა 12 საინტერესო ლოკაციისთვის მოამზადა აქტივობები. ახლა მთავარი იყო შაბათ დღეს ბევრი ადამიანი მისულიყო მათ გაჩერებებამდე. ამისთვის ორი რამის გაკეთება გადაწყდა:

  1. სკოლის შემოსასვლელში სარეკლამო სტენდი მოამზადეს სადაც უზარმაზარ მუყაოს ხეზე ის კითხვები ჩამოკიდეს, რომლებზე პასუხსაც შაბათს, ბოტანიკურ ბაღში ვიზიტისას გასცემდნენ სტუმრებს.   
  2. ერთ-ერთმა კლასმა მოამზადა სპეციალური ფლაერები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციებით, რომელზეც მონიშნული იყო თითოეული ლოკაცია, რათა მოსული სტუმრები ნაკლებად დაბნეულიყვნენ და ყველა გაჩერებისთვის მიეგნოთ. ბევრი სიარული არავის რომ არ დაზარებოდა შეთანხმდენ იმაზე, რომ თითოეულ ლოკაციაზე მოსულ სტუმარს, მათსავე შექმნილ ფლაერში სტიკერს ჩაუკრავდნენ. სტუმარი, რომელიც ყველა სტიკერს შეაგროვებდა, შემოსასვლელში დაბრუნების შემდეგ ექსპერტის წოდებას მოიპოვებდა.

დღემ გეგმის მიხედვით ჩაიარა, ბაღში ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა, ბევრმა მოისმინა გიდების მიერ მოყოლილი ამბები, ითამაშა მათი მომზადებული თამაშები და ექსპერტის წოდებაც მოიპოვა.

სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს თავიანთ გამოცდილებაზე, გამოკვეთეს ის რაც ძალიან კარგად გამოუვიდათ, ის რასაც ცოტა ან სულ სხვანაირად გააკეთებდნენ შემდეგ ჯერზე და მოუყვნენ ერთმანეთს მათთვის ყველაზე სასიამოვნო და სახალისო მომენტებზე.

 

სხვა დღის მიზანი იყო მოსწავლეებს დაგროვილი უნარებისა და ცოდნის ტრანსფერი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის კეთებისას გაეკეთებინათ. 

პროექტზე მუშაობისას გამოიყენეს და განიმტკიცეს საინფორმაციო ტექსტის გაგება, გააზრების, პრეზენტირების, ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.

  • შერჩეულ მცენარეებთან დაკავშირებული თამაშები;
  • შერჩეული მცენარეების ილუსტრაციები;
  • მცენარეების შესახებ საინტერესო ამბებზე სასაუბროდ დამხმარე რეკვიზიტები;
  • ბოტანიკური ბაღის ღონისძიების რუკა/ფლაერი;
  • რეკლამა სასკოლო საზოგადოებისთვის.